ჯეოქეისი - დაზვერვის სამსახურის სუსთან შეერთება და დაქვემდებარება საგანგაშოა

ორგანიზაცია „ჯეოქეისი“, რომლის ხელმძღვანელიც ვიქტორ ყიფიანია, აცხადებს, რომ „ქართული ოცნების” გადაწყვეტილება, საქართველოს დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გააერთიანოს და მას დაუქვემდებარეოს, საგანგაშოა და სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სისტემას და მის ინსტიტუციურ მოწყობას.

„ქართული ოცნების” პარლამენტში ინიციირებულია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც, პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში გადავა.

„დაზვერვის სამსახურის შერწყმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, დიდი ალბათობით, გამოიწვევს სადაზვერვო საქმიანობის ეფექტიანობის კლებას, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების სათანადო ყურადღების გარეშე დარჩენას/ან სრულად გაქრობას და კვალიფიციური კადრების გადინებას. ეს, ასევე, საფრთხეს შეუქმნის დასავლურ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას, რაც აისახება ინფორმაციის გაზიარების შემცირებაზე, კადრების გადამზადების შეჩერებასა და ნდობის ხარისხზე.

აღნიშნული ე.წ. რეფორმის შედეგად მოხდება სუს-ის ძალაუფლების მნიშვნელოვანი ზრდა, დაზვერვის სამსახურში ალტერნატიული ხედვისა და საქმიანი პროცესისათვის აუცილებელი განსხვავებული შეფასებების შეზღუდვა. საქართველოში არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ე.წ. რეფორმა გამოიწვევს სამსახურის პოლიტიზებას, რაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება სადაზვერვო სამსახურების საქმიანობის საბაზისო პრინციპებს.

მაშინ როდესაც საქართველოს წინაშე დგას არაერთი კრიტიკული გამოწვევა და სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფოებრივი მედეგობის გაძლიერებას, სახეზეა ინსტიტუციური სისტემის მიზანმიმართული დასუსტების მცდელობა, რაც ერთიანობაში კიდევ უფრო მოწყვლადს გახდის საქართველოს ისედაც დასუსტებულ უსაფრთხოების სისტემას.

მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, არ გადადგას ეს უპასუხისმგებლო და ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი, რომელიც დიდ დარტყმას მიაყენებს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სისტემას”. – აცხადებს ორგანიზაცია.



„თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით თბილისში Global Tech Weekend Tbilisi 2025 გაიმართება
საია - საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა ვერ შეფასდება, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული
ხატია დეკანოიძე - თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს, თავისუფლება მიშას!
თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში