დიმიტრი ცქიტიშვილი — კომისიის სხდომაში მონაწილეობა არ იყო მიზანშეწონილი

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, მიაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე მისვლა მიზანშეწონილი არ იყო.

ამის შესახებ ცქიტიშვილმა განცხადება დღეს, 15 აპრილს გაავრცელა, მას შემდეგ, რაც გუშინ პარტიის ლიდერი, გიორგი გახარია აღნიშნულ კომისიაზე გამოცხადდა, განსხვავებით სხვა ოპოზიციონერი ლიდერებისაგან.

როგორც ცქიტიშვილი ამბობს, საერთო ოპოზიციური კოორდინაციის ფარგლებში შეთანხმება იყო, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები კომისიაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართულ ოპოზიციის შეხვედრებზე სწორედ დიმიტრი ცქიტიშვილი წარმოადგენდა გახარიას პარტიას.

როგორც ცქიტიშვილი ამბობს, მან ოპოზიციური კოორდინაციის ფარგლებში თავის პარტიასთან შეუთანხმებლად დაადასტურა, რომ კომისიაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ.

„მინდა ჩემი მხრიდან განვმარტო იმის შესახებ, თუ რა შეთანხმება შედგა კოორდინაციის ფორმატში. კოორდინაციის ფარგლებში, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არმისვლის შესახებ შეთანხმება მართლაც შედგა — ჩემი მონაწილეობითა და ჩემი დასტურით, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე წინასწარი მსჯელობა პარტიაში არ ყოფილა.მაშინაც მიმაჩნდა და დღესაც იმავე აზრზე ვარ, რომ არ მისვლა იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება რიგი ფაქტორების გათვალისწინებით.

თუმცა, ამ საკითხს აქვს მნიშვნელოვანი პერსონალური განზომილება — განსაკუთრებით ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორიცაა 20 ივნისი, ჩორჩანა, ან თუნდაც პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვება. ეს თემები სცდება პარტიულ ჩარჩოებს და განეკუთვნება უფრო მაღალი, სახელმწიფოებრივი ინტერესების სფეროს.ეს ფაქტორები მე უნდა გამეთვალისწინებინა, როდესაც შეთანხმებას ვუერთდებოდი, და ვწუხვარ თუ ამით კოორდინაციის ფორმატი დავაზიანე.

მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელმა დღემ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია — მათ შორის, პოზიტიური შეფასებებიც — მე კვლავ ვრჩები ჩემს პოზიციაზე, რომ კომისიაში სხდომაში მონაწილეობა არ იყო მიზანშეწონილი“, – დაწერა დიმიტრი ცქიტიშვილმა Facebook-ზე.



მიხეილ ჯანელიძე - რუსეთი „ოცნების“ ხელით ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას გვიკლავს
მიიღეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში
SOLO-ს მხარდაჭერით Jazz Club 1984-ში ბექა გოჩიაშვილის ღონისძიება გაიმართება
ოკუპირებულ ცხინვალში სუს-თან თანამშრომლობის ბრალდებით 51 წლის კაცი დააკავეს