დონალდ ტრამპმა NPR-სა და PBS-ს ფედერალური დაფინანსება შეუწყვიტა

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც ეროვნულ საზოგადოებრივ რადიოსა (NPR) და სამაუწყებლო ტელეკომპანია PBS-ს ფედერალური დაფინანსება შეუწყვიტა. აშშ-ს პრეზიდენტი აღნიშნულ სამაუწყებლო კომპანიებს მიკერძოებული მასალის წარმოებასა და "მემარცხენე პროპაგანდის" გავრცელებაში ადანაშაულებს. 

ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანებით აშშ-ს საზოგადოებრივი მაუწყებლობის კორპორაციას (CPB), რომელიც ქვეყანაში არსებულ საზოგადოებრივ მაუწყებლებს აფინანსებს, NPR-სა და PBS-ისთვის ფედერალური დაფინანსების გაცემის შეწყვეტა დაავალა. აღნიშნული კომპანიები დაფინანსების მცირე ნაწილს იღებენ კონგრესისგან, ხოლო დანარჩენს – დონორებისა და სპონსორებისგან. 

CPB საზოგადოებრივი მაუწყებლებისთვის ფედერალური ფონდების ძირითადი გამანაწილებელია. კორპორაცია ერთი ფისკალური წლის განმავლობაში აშშ-ს მთავრობისგან $535 მილიონს იღებს, რომელსაც ის ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა გამოცემებზე, რადიოებსა თუ ტელევიზიებზე გრანტების სახით ანაწილებს. მედიაკომპანიები გრანტებს საკუთარი პროგრამების შექმნისთვის იყენებენ ან პროგრამების სხვა კომპანიებისგან შესყიდვისთვის, მაგალითად, NPR-სგან ან PBS-სგან. 

საზოგადოებრივი მაუწყებლობის კორპორაცია, რომელიც 1967 წელს კონგრესის აქტის საფუძველზე შეიქმნა და ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულით ფინანსდება, კონგრესისგან დაფინანსებას წინასწარ, 2 წლით ადრე იღებს, რათა პოტენციური პოლიტიკური გავლენებისგან დაცული იყოს. 

ტრამპმა კორპორაციას და ყველა ფედერალურ სააგენტოს ასევე უბრძანა, PBS-სა და NPR-ს არაპირდაპირი გზით მიღებული დაფინანსებებიც შეუწყვიტონ. შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით არსებულ საზოგადოებრივ რადიოებსა და ტელემაუწყებლებს PBS-ისგან და NPR-ისგან პროგრამის შესყიდვა აეკრძალათ. 



დონალდ ტრამპმა NPR-სა და PBS-ს ფედერალური დაფინანსება შეუწყვიტა
სუს-მა ტერორისტული ორგანიზაციის წევრი დააკავა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა
ევროკომისიის პრესმდივანი - მინერალების შესახებ უკრაინისა და აშშ-ს შეთანხმება არ ეწინააღმდეგება ჩვენს კანონმდებლობას და არ იქნება დაბრკოლება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებისთვის
გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი - Fulbright-ის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო